вторник, 1 ноября 2016 г.

კინოპროექტი და სასიცოცხლო ციკლის ეტაპები



ახალი პროექტის განვითარება კინოკომპანიისათვის სიცოცხლის დაბადების ტოლფასია. ბევრი პროექტის ისტორია მარცხითაც დამთავრებულა. სწორედ ამიტომ სურთ მარკეტოლოგებს, რომ ფილმის შექმნის შემდეგ მათ პროდუქციას მაქსიმალურად ხანგრძლივი და წარმატებული სასიცოცხლო ციკლი ჰქონდეს.
პროექტის განვითარების პირველი ეტაპი ეხება პროცესს, რომლის მიზანია წარმატებული ახალი პროექტის აღმოჩენა და განვითარება, მეორე ნაწილში კი შევხვდებით და თვალნათლივ დავინახავთ, რომ თითოეული კინოპროექტი სასიცოცხლო ციკლის რამდენიმე ეტაპს გადის, რომლებიც ინდივიდუალურ, მხოლოდ მათზე მორგებულ სხვადასხვა მარკეტინგულ სტრატეგიებსა და ტაქტიკას საჭიროებენ. დავარღვიოთ თანმიმდევრობა და ამ ეტაპზე განვიხილოთ კინოპროექტის სასიცოცხლო ციკლის ეტაპები და მისი თავისებურებები.
კინოპროექტის წარმატების გარანტი „მორიგი სასწაულის“ მუდმივი ძიებაა. როგორია ზღაპრის დასასრული? ხშირად არც თუ ძალიან ბედნიერი. თანამედროვე კინოინდუსტრიის სამყაროში არაფერია ხანგრძლივი და მუდმივი. წარმატებული მომავალი კიდევ უფრო მეტად დამოკიდებულია კინოკომპანიის უნარზე, ახალი,ნოვატორული პროექტები შესთავაზოს მაყურებელს და შესაბამისად, ბაზრებიც მოიცვას.
ახალი კინოპროექტების შექმნასა და მართვაში კინოკომპანია ძლიერი უნდა იყოს. თითოეული პროექტი სიცოცხლის ციკლის ყველა ეტაპს გადის – იბადება, გაივლის რამდენიმე ფაზას და საბოლოოდ კვდება, მას შემდეგ რაც ასპარეზზე შედარებით ახალი პროექტი შემოდის, რომელიც მაყურებლის მოთხოვნილებებს უკეთ აკმაყოფილებს. კინოპროექტის სასიცოცხლო ციკლი ცოცხალი ორგანიზმია:
პირველი – რადგანაც საბოლოოდ ყველა ფილმის დაბერება ხდება, კინოკომპანიის მენეჯმენტი მზად უნდა იყოს, რომ მოძველებული პროექტები ახლით ჩაანაცვლოს;
მეორე – კინოკომპანიამ უნად შეძლოს განავითაროს და მოარგოს მარკეტინგული სტრატეგიები მაყურებლის შეცვლილ გემოვნებას, უფრო კონკრეტულად ახალი კინოპროექტების აღმოჩენისა და განვითარების შემდეგ, კინოკომპანიამ უნდა მოახერხოს სწორად მართოს პროექტი სასიცოცხლო ციკლის სხვადასხვა ეტაპზე. ახალი ფილმის შექმნის შემდეგ კინოკომპანიის მენეჯმენტს სურს, რომ მისმა ფილმმა „ხანგრძლივად და ბედნიერად იცოცხლოს“. მიუხედავად იმისა, რომ ის პროექტის მუდმივ გაყიდვებს არ მოელის, კინოკომპანიას სურს მოგების იმ წერტილთან მისვლა, სადაც პროექტს თავისი სასიცოცხლო ციკლი ექნება. თუმცა, მისი ზუსტი ხანგრძლივობა ჭინასწარ მათთვისაც კი უცნობია.
გრაფიკი გვიჩვენებს ტიპურ სასიცოცხლო ციკლის მრუდს – ანუ, პროექტის შემოსავლებისა და მოგების კურსს, მისი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში.
როგორია პროექტის სასიცოცხლო ციკლის განვითარების დანარჩენი საფეხურები. პროექტის სასიცოხლო ციკლს 5 განსხვავებული ეტაპი აქვს:
1.პროექტის განვითარება- ეტაპი იწყება მაშინ, როდესაც კინოკომპანია პოულობს და ანვითარებს ახალი პროექტის იდეას. პროექტის განვითარების განმავლობაში გაყიდვა ნულის ტოლია, ხოლო კინოკომპანიის ინვესტიცია თანმიმდევრულად მატულობს.
2.წარდგენის ფაზა-ეს გახლავთ ნელი გაყიდვის ზრდის პერიოდი, როდესაც პროექტი ბაზარზე წარსდგება. ამ საფეხურზე მოგება არ არსებობს, რადგან პროექტის წარდგენა დაკავშირებულია მნიშვნელოვან ხარჯებთან. წარდგენის ფაზა იწყება ფილმის პირველადი გაშვებისთანავე. წარდგენას სჭირდება დრო, შედეგად შემოსავლების ზრდა ნელი ტემპით მიმდინარეობს. ცნობილი პროექტები თვეების განმავლობაში ნელა იყიდებოდა, სანამ არ გადავიდნენ სწრაფი ზრდის ფაზაში. ამ ფაზაში, სხვასთან შედარებით, დაბალი გაყიდვის, დისტრიბუციისა და სტიმულირების მაღალი ხარჯების გამო, მოგება უარყოფითი ან დაბალია. ბევრი თანხაა საჭირო დისტრიბუტორთა მოსაზიდად და მათთვის პირობების შესაქმნელად.
ამ პერიოდში დანახარჯები სტიმულირებაზე შედარებით მაღალია, რათა დისტრიბუტორს ახალი პროექტის შესახებ აცნობონ და მათ მოქმედების შესაძლებლობა მისცენ. კინიკომპანიამ, განსაკუთრებით ბაზრის პიონერმა, უნდა შეარჩიოს პროექტის ბაზარზე გატანის სტრატეგია, რომელიც პროექტის პოზიციონირებასთან თავსებადია. მან უნდა გააცნობიეროს, რომ საწყისი სტრატეგია პროექტის სასიცოცხლო ციკლისთვის საჭირო მარკეტინგული გეგმის პირველი ნაბიჯია. როგორც კი კინოპროექტი სასიცოცხლო ციკლის შემდგომ ფაზებში გადავა, მას გამუდმებით მოუწევს ახალი ფასწარმოქმნის, სტიმულირებისა და სხვა მარკეტინგული სტრატეგიების ჩამოყალიბება. მას აქვს საუკეთესო შანსი, ბაზარზე ლიდერის პოზიცია შეიქმნას და შეინარჩუნოს, თუ კარტებს თავიდანვე სწორად  ჩამოვა.
3.ზრდის ფაზა – ბაზრის სწრაფი ათვისების, გაყიდვების და მოგების მზარდი პერიოდია. ზრდის ფაზაში გაყიდვა სწრაფად დაიწყებს აღმასვლას, ბაზრის ადრეული დისტრიბუტორები ყიდვას გააგრძელებენ, ხოლო დაგვიანებული დისტრიბუტორები ლიდერს გაჰყვებიან, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ისინი მათგან სიტყვიერი გადმოცემით სასურველ ინფორმაციას მიიღებენ. მოგების მიღების შესაძლებლობით მოხიბლული ახალი დისტრიბუტორები ბაზარზე შემოვლენ. ისინი ახალ პროექტს წარადგენენ და ბაზარი გაფართოვდება, გაყიდვა  მკვეთრად გაიზრდება, ხოლო დისტრიბუციის ქსელი გაფართოვდება, ფასები უცვლელი იქნება ან მცირედით დაიკლებს, კინოკომპანიების სტიმულირების ხარჯებიც იგივე ან ოდნავ მაღალი იქნება. ზრდის ფაზაში მოგება, როგორც წესი მატულობს, რადგან სტიმულირების ხარჯები გადანაწილებულია. კინოკომპანია ბაზრის სწრაფი ზრდისთვის შედის ბაზრის ახალ სეგმენტებსა და დისტრიბუციის ახალ არხებში. იგი ცვლის ზოგიერთ რეკლამას, დაწყებული პროექტის აღქმითა და პროექტის შესახებ ინფორმაციით, დამთავრებული მაყურებლის დარწმუნებით.
4.მომწიფების ფაზა – გაყიდვის ზრდის შენელების პერიოდია, რაც გამოწვეულია იმით, რომ პროექტმა ყველა პოტენციურ მყიდველებამდე უკვე მიაღწია, მოგების დონე კი გაზრდილი მარკეტინგული ხარჯების გამო, რომლის გაწევაც აუცილებელია (რათა პროექტი კონკურენციისაგან დაიცვან) ერთ დონეზეა და რაღაც პერიდში თანდათან  კლებულობს. მომწიფების ფაზის დროს გარკვეულ ეტაპზე პროექტის გაყიდვების ზრდის ტემპი შენელდება. ეს მომწიფების ფაზა, ჩვეულებრივ, გრძელდება უფრო მეტხანს, ვიდრე წინამდებარე ფაზები და მენეჯმენტისთვის ძლიერ გამოწვევებს წარმოადგენს.
ბევრი პროექტი სასიცოცხლო ციკლის მომწიფების ფაზაში იმყოფება და აქედან გამომდინარე, მარკეტინგის მენეჯმენტის ძირითადი დრო მომწიფებულ პროექტს ეთმობა. შედაგად კინოკომპანიები იწყებენ ფასების შემცირებას, რეკლამის და გაყიდვის სტიმულირების გაზრდას, რათა პროექტის განვითარების უკეთესი ვარიანტები აღმოაჩინონ. ეს ნაბიჯები მოგების შემცირებას იწვევს. ზოგიერთ შედარებით სუსტ კინოკომპანიებს ეს ყველაფერი აშინებს, ფარხმალს ყრის და საბოლოოდ ბაზარზე მხოლოდ ძლიერი კინოკომპანიები რჩებიან და ცდილობენ არსებული პროექტის შემოსავლების გაზრდისთვის ახალი ბაზრის სეგმენტი მოძებნოს.
5.ვარდნის ფაზა –  შეიძლება მიმდინარეობს ნელა ან სწრაფად. შემოსავლები შესაძლოა დაეცეს ნულამდე ან დაბალ დონემდე, რომელზედაც წლების განმავლობაში რჩება. გაყიდვების ვარდნა ბევრმა მიზეზმა შეიძლება გამოიწვიოს, მათ შორის ახალმა პროექტებმა, გაზრდილმა კონკურენციამ. გაყიდვისა და მოგების დაცემასთან ერთად, ზოგიერთი პროექტი  ბაზარს ტოვებს. დარჩენილმა ნაწილმა შესაძლოა პროექტების შეთავაზებები შეამციროს. მათ შეიძლება ბაზრის შედარებით პატარა სეგმენტები და განაპირა არხები დატოვონ, ან შესაძლებელია სტიმულირების ბიუჯეტი შეკვეცონ და მათ პროექტზე ფასების დაკლება დაიწყონ.
სუსტი პროექტის რეალიზაცია კინოკომპანიისათვის ხარჯიანია. ეს არ ეხება მხოლოდ იმას, რომ ამ დროს მოგება დაბალია ან საერთოდ არ არის. არსებობს ბევრი უჩინარი ხარჯი. სუსტი პროექტი მენეჯმენტისაგან ძალიან დიდ დროს და ყურადღებას საჭიროებს, ის ხშირად მოითხოვს ფასისა და გაყიდვის პირობების მორგებას, აგრეთვე საჭიროებს  რეკლამისა და გაყიდვაზე პასუხისმგებელი თანამშრომლების ყურადღებას, არადა მათი დრო და ძალისხმევა შესაძლოა უკეთ გამოიყენონ „ჯანსაღი“ პროექტის შესაქმნელად. პროექტის ვარდნამ შესაძლოა კინოკომპანიის დისტრიბუტორთა უარყოფითი დამოკიდებულება გამოიწვიოს, კინოკომპანიის მიერ წარმოებული ყველა პროექტის მიმართ. ყველაზე დიდ ხარჯს კი კინოკომპანია შესაძლოა მომავალში წააწყდეს. სუსტი პროექტების შენახვა ახალის ძიებას აფერხებს, უთანასწორო პროექტის კომპლექს ქმნის. არსებულ მოგებას ზიანს აყენებს და მომავალში კინოკომპანიის საყრდენ წერტილს ასუსტებს. ამ მიზნების გამო, კინოკომპანიის პირველი ამოცანაა ვადნის ფაზაში მყოფი პროექტების ამოცნობა გაყიდების ბაზრის წილის, ხარჯებისა და მოგების ტენდენციის რეგულარული მონიტორინგით. შემდეგ მენეჯმენტმა უნდა გადაწყვიტოს შეინარჩუნოს თუ უარი თქვას ვარდნის ფაზაში მყოფ თითოეულ პროექტზე. აღსანიშნავია, რომ ყველა პროექტი არ გადის ასეთ სასიცოცხლო ციკლს. ზოგიერთი მათგანი წარდგენისთანავე კარგავს სიცოცხლისუნარიაობას, დანარჩენი კი ძალიან დიდხანს გადის მომწიფების ფაზას. ზოგი დაცემის ფაზაში შედის და შემდეგ, ძლიერი სტიმულირებისა თუ რეპოზიციონირების მეშვეობით ისევ ზრდის ფაზაში ბრუნდება.
ეკონომიკაში სასიცოცხლო ციკლის კონცეფცია მრავალფეროვანია. სხვადასხვა სფეროში და თითოეულ შემთხვევაში სხვადასხვაგვარად მოქმედებს. ფილმის სასიცოცხლო ციკლის გრაფიკი გამოხატულების ძირითადი და განსხვავებული ფორმაა. ციკლმა ჩამოყალიბების შემდეგ შესაძლოა თაობებს გაუძლოს ან ამ ხნის განმავლობაში ის ხან მოდაში იყოს ხან არა. არის შემთხვევები, როდესაც ციკლი გვიჩვენებს განახლებული ინტერესის რამდენიმე პერიოდს ან უმოკლეს დროში განიცდის ვარდნას.
Art house (ინგლ. „ხელოვნების სახლი“), კინოგაქირავების ნიშა, სად ხვდება ისეთი ფილმები, რომლებიც ფართო აუდიტორიისთვის არაა გათვლილი, ამ ფილმებს ეგრეთწოდებულ Art house-ს ნიშით ცნობილ კინოთეატრებში აჩვენებენ. Art house-ს კატეგორიას მიეკუთვნება ფილმები, რომლებიც ორიენტირებულია მოაზროვნე მაყურებლისთვის: ჟანრობრივი ფილმები, მსოფლიო კინემატოგრაფიის შედევრები, აგრეთვე ფილმები ეთნიკურ და სექსუალურ უმცირესობაზე. Art house-ს მცნება ჩამოყალიბდა ამერიკაში 1940-იან წლებში, ასე უწოდებენ კინოთეატრებს, რომლებიც სპეციალიზირებული იყო ეგრეთწოდებული „მოაზროვნე მაყურებლის“ სეგმენტზე. 1955  წელს პარიზში დაფუძნდა Art house-ს კინოთეატრების კონფედერაცია CICAE (ფრ. Confederation international des des cinemas d’art et d’essai). CICAE-ში აგრეთვე გაერთიანებულია 1992 წელს დაფუძნწბული Europa Cinemas, სადაც გაერთიანებულია ევროპული კინოს მხარდამჭერი კინოთეატრები.
Art house ფილმები არაა გათვლილი მაღალ შემოსავლებზე, ისინი იქმნება განსაკუთრებული მაყურებლისთვის. თუ თქვენ გიყვართ ფიქრი, შეგიძლიათ ფილმის 
გაანალიზება მაშინ Art house თქვენი გემოვნებისთვისაა. ეს ფილმები ძირითადად იქმნება პატარა კინოკომპანიებში და შესაბამისად ფილმები დაბალბიუჯეტიანია. ამ ჟანრის ფილმების შექმნაზე მსხვილი კინოკომპანიებიც არ ამბობენ უარს, მრავალფეროვანი ბიზნესპორტფელი დიდ კინოკომპანიებს საშუალებას აძლევს მოცემულ სეგმენტშიც დაიკავონ თავისი სოლიდური ადგილი. აქედან გამომდინარე, ფილმის შემქმნელებს ხშირად არასტანდარტული შემოქმედებითი გადაწყვეტილებების მიღება უწევთ. Art house-ის ტიპის ფილმის რეჟისორები ყველა მიმართულებით ეძებენ  მხატვრული გადაწყვეტილებების ახალ ფორმებს, მაყურებელი ფილმის ყოველ განმეორებით ნახვაზე, სულ უფრო მეტს და განსხვავებულს პოულობს. მარკეტოლოგების აზრით ასეთი ტიპის ფილმები სტილის ტიპის სასიცოცხლო ციკლის გრაფიკს უფრო მიეკუთვნებიან. როგორი განმარტება აქვს სტილის ტიპის სასიცოცხლო ციკლის გრაფიკს – სტილი არის გამოხატულების ძირითადი და განსხვავებული ფორმა. სტილმა ჩამოყალიბების შემდეგ შესაძლოა თაობებს გაუძლოს და ამ ხნის განმავლობაში ის ხან მოდაშია, ხან არა. სტილს აქვს ციკლი, რომელიც გვიჩვენებს განახლებული ინტერესის რამდენიმე პერიოდს. სწორედ, მაყურებლის განახლებული ინტერესიდან გამომდინარე, ვგულისხმობთ Art house-ის ტიპის ფილმებს, რომ ისინი უმეტეს შემთხვევაში სტილის ტიპის გრაფიკს მიეკუთვნებიან.
კინოპროექტების ნაწილი ჩვეულებრივ, რაღაც მოვლენის გამო იქნება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასეთი ტიპის კინოპროექტები მომგებიანი არ არის. ფილმი ფარენგეიტი 9/11 (Fahrenhteit 9/11), რეჟისორი მაიკლ მური (Michael Moore), ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი პამფლეტის ჟანრის ფილმია (პამფლეტი-ინგლ. Pamphlet), მხატრულ-პუბლიცისტური ნაწარმოების მრავალსახეობა, ძირითადად ეწინააღმდეგება პოლიტიკურ  წყობას ან რომელიმე პოლიტიკურ პარტიას თუ საზოგადოებრივ ჯგუფს, მთავრობას. პანფლეტის ამოცანაა ამხილოს და გააშარჟოს სამიზნის მოქმედება, რომ უფრო ძლიერი დარტყმა მიაყენოს იმ მოქმედებას ან ქცევას, რისთვისაც შეიქმნა ეს ნაწარმოები.
პროექტმა ბიუჯეტით 21 მილიონი დოლარი (აქედან 15 მილიონი დოლარი მარკეტინგული ხაეჯები), მარტო ამერიკის ბოქს-ოფისმა 119 194 771 დოლარი შეადგინა, 
ხოლო საერთო შემოსავალმა 222 446 320 დოლარი. ფილმი 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტულ აქტს ეხება. ფილმში გაკრიტიკებულია იმდროინდელი ამერიკის პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში. კინოკრიტიკოსების კითხვას - „შეიძლება თუ არა სახელმწიფოს ჩაუტარო რეჟისურა“, პასუხი ასეთია: „რა თქმა უნდა შეიძლება თუ მაიკლ მური გაიმარჯვებს“. პროექტი ძირითადად აქცენტირებული იყო ამერიკის კინობაზარზე, მაგრამ ფილმმა ევროპაშიც საკმაოდ მაღალი შეფასება დაიმსახურა და კანის ფესტივალის მთავარი პრიზით დაჯილდოვდა. ამერიკის კინოთეატრებიდან გამოსული მაყურებლის კითხვა, რომელმაც უყურა Fahrenhteit 9/11-ს, თითქმის ერთგვაროვანი იყო - „ამ არარაობას მივეცი ხმა?“
ფილმს ბაზარზე გასვლამდე საკმაო წინააღმდეგობები შეექმნა. 2004 წლის მაისში მურმა ოფიციალურად განაცხადა, რომ კომპანია Walt Disney Pictures (Miramax-ის დისტრიბუციის მფლობელი) ხელს უშლიდა Miramax-ს განეხორციელებინა ფილმის დისტრიბუცია. Disney-მ თავი იმართლა, კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა მიკლ ეისნერმა განაცხადა, რომ „მათ ჯერ კიდევ 2003 წლის მაისში მიიღეს გადაწყვეტილება და ურჩიეს Miramax-ს, რომ უარი ეთქვა Fahrenhteit 9/11-ის დისტრიბუციაზე, ხოლო რაც შეეხება მაიკლ მურის განცხადებას, ეს ყურადღების მისაქცევად აგორებული სკანდალი იყო და მეტი არაფერი.“ მაგრამ საქმე სულ სხვაგვარად იყო. Disney ფლორიდის შტატში დისნეილენდის და რამდენიმე ათეული სასტუმროს მფლობელია. ეისნერს გადასახადების მოსალოდნელი მომატების შიში უფრო აწუხებდა, ვიდრე სკანდალურ პროექტში მონაწილეობის სურვილი. როგორც ცნობილია, ამ პერიოდში ფლორიდის შტატის გუბერნატორი ჯებ ბუში, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ძმა იყო. Fahrenhteit 9/11-ი წარმატებული პროექტი გამოდგა, მაგრამ 
პროექტი პოლიტიკური შინაარსის იყო და განსაზღვრული სეგმენტის მაყურებელი მოიცვა. შესაბამისად მიუხედავად ფინანსური წარმატებისა, Fahrenhteit 9/11-ის სასიცოცხლო ციკლი ხანმოკლე აღმოჩნდა. თუ გავაანალიზებთ ფილმის შემოსავლების გრაფიკს, ვნახავთ, რომ პირველი კვირის განმავლობაში Fahrenhteit 9/11-ი 868 კინოთეატრში აჩვენეს და შემოსავალმა 23 მილიონი დოლარი შეადგინა. შემდგომ კვირებში მიუხედავად კინოთეატრების რაოდენობის ზრდისა, შემოსავლები იკლებს და სულ რაღაც სამ თვეში მინიმუმამდე დადის. როგორც აღვნიშნეFahrenhteit 9/11-ი არის პანფლეტის ჟანრის ფილმი, ამ ჟანრის ფილმებს კი ბოქს-ოფისის გარდა შემდგომი შემოსავლების ტენდენცია არ ახასიათებთ, მათი შემოსავლები (თუ არ ჩავთვლით ტელეკომპანიებიდან მიღებულ შემოსავლებს) და მასთან ერთად სასიცოცხლო ციკლიც კინოთეატრების კედლებშივე მთავრდება. ასეთი ტიპის კინოპროექტები, ეგრეთწოდებული ფეტიშის ტიპის სასიცოცხლო ციკლის გრაფიკს მიეკუთვნებიან. ამის დასადასტურებლად ვნახოთ როგორია ფეტიშის ტიპის სასიცოცხლო ციკლის განმარტება – ფეტიში (მარკეტოლოგები გატაცებასაც უწოდებენ) არის ერთგვარი მოდა, რომელიც სწრაფად შემოდის, ყველა გულმოდგინედ მისდევს მას, პიკს აღწევს ადრეულ პერიოდში და ასევე სწრაფად იწყებს დაცემას. მისი ვადა ძალიან მცირეა და მხოლოდ შეზღუდულ დროში შეუძლია მაყურებლის მოხიბვლა.
მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, სასიცოცხლო ციკლის სიმცირის მიუხედავად Fahrenhteit 9/11 არის თანამედროვე კინოინდუსტრიის  კლასიკური მაგალითი, თუ როგორ მიაღწია პროექტმა უმოკლესი სასიცოცხლო ციკლის შემთხვევაში დიდ შედეგს და მაღალ ფინანსურ წარმატებას.
ერთი და იგივე პროექტის სასიცოცხლო ციკლი სხვადასხვა ბაზარზე შეიძლება სხვადასხვა იყოს. მითუმეტეს თუ პროექტი სხვადასხვა ქვეყნის ბაზარზე იყიდება. პროექტის სასიცოცხლო ციკლის კონცეფციის გამოყენება, იმისათვის რომ პროექტის მაჩვენებელი წინასწარ განვსაზღვროთ ან მარკეტინგული სტრატეგიები განვავითაროთ, გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს. მაგალითად, როდესაც მარკეტოლოგებს უნდათ განსაზღვრონ სასიცოცხლო ციკლის რომელ ფაზაშია  პროექტი ან წინასწარ გათვალონ, როდის გადაინაცვლებს ის შემდეგ ფაზაში. მათ შეიძლება გაუჭირდეთ იმ ფაქტორების განსაზღვრაც, რომლებიც პროექტის ფაზიდან ფაზაში გადაადგილებაზე ზეგავლენას ახდენენ. ძნელია წინასწარ განჭვრიტო შემოსავლების დონე პროექტის სასიცოცხლო ციკლის თითოეულ ეტაპზე, მაგრამ კინოინდუსტრიის სპეციფიკიდან გამომდინარე  შესაძლებელია წინასწარ გათვალო პროექტის სასიცოცხლო ციკლის მრუდის ტიპი. პროექტის სასიცოცხლო ციკლი მარკეტინგული სტრატეგიის განვითარების ნაწილია და ამიტომაც მისი შინაარსის წინასწარ დადგენა, მარკეტინგული სტრატეგიის განვითარებისთვის შესაძლოა არასწორი იყოს იმიტომაც, რომ მარკეტინგული სტრატეგია არის პროექტის სასიცოცხლო ციკლის მიზეზიც და შედეგიც. ციკლის პოზიცია გვკარნახობს საუკეთესო მარკეტინგულ სტრატეგიებს, ხოლო მარკეტინგული სტრატეგიის შედეგები პროექტის სასიცოცხლო ციკლზე ახდენენ ზემოქმედებას. და მაინც, სავარაუდო მრუდის ტიპის წინასწარი ანალიზი, სწორი დაგეგმვის შემთხვევაში, შესაძლოა დაგვეხმაროს პროექტის სხვადასხვა ეტაპებზე, კარგი მარკეტინგული სტრატეგიის განვითარებაში.


                                                                          ზაზა მინდიაშვილი (Art Economics ge)

Комментариев нет:

Отправить комментарий